თბილისის მშრალი პორტის გენერალური დირექტორის, ნინო ნემსაძის განცხადებით, მომავალი წლის ზაფხულისთვის სიმძლავრეების გაფართოება იგეგმება.
როგორც ნემსაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განმარტა, სიმძლავრეების ზრდა გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
„ჩვენ მომავალი წლის ზაფხულისთვის უკვე სიმძლავრეების გაფართოებას ვგეგმავთ. თუ ასე გაგრძელდა მოთხოვნის ზრდა, ჩვენ 2027 წლის ბოლოს ჩვენი შესაძლებლობებით ვერ მოვემსახურებით და ზაფხულში უკვე ვფიქრობთ, რომ მეორე ფაზის ნაწილიც ჩავუშვათ“, – განაცხადა ნინო ნემსაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მთელი დერეფანი ძალიან მოთხოვნის წინაშე აღმოჩნდა, რისი მოლოდინიც ჯერ არ იყო.
„გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა ძალიან მალე გაზარდა დერეფანზე მოთხოვნა. საკონტეინერო გადაზიდვების თვალსაზრისით არის მაინც ჩამორჩენა, ისევ მოულოდნელობის ფაქტორის გათვალისწინებით. თბილისის მშრალი პორტი კი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმიტომ, რომ უცბად ასი ათასი TEU-ს დამუშავების საშუალება შეიქმნა თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში. მშრალ პორტს აქვს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საზღვაო პორტებს როგორც სტანდარული სახმელეთო, საგზაო, ისე სარკინიგზო მარშრუტით. ამავე დროს, ძალიან ახლოს არის ჩვენი ორივე მეზობელი ქვეყნის საზღვართან და ამ თვალსაზრისით უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. მშრალი პორტის ფუნქცია ძირითადად არის მაინც ქართული ბაზრების მომსახურება. თუმცა, ჩვენთან გამავალი ტვირთების ძირითადი ნაწილი უკვე არის შუა დერეფნის სატრანზიტო ტვირთები. ჩვენ მულტიფუნქციურ მომსახურებას ვთავაზობთ“, – განაცხადა ნინო ნემსაძემ.
მისი თქმით, მხოლოდ წელიწად ნახევარია, რაც თბილისის მშრალი პორტი ფუნქციონირებს და უკვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის მასშტაბით ლოგისტიკის სფეროში, ასევე შუა დერეფნის მოლოდინებიც გაამართლა.
„როგორც საქართველოსთვის, ისე შუა დერეფნისთვის მშრალი პორტი ერთი საკვანძო ელემენტია. აუცილებლად აღსანიშნია, რომ მნიშვნელოვან ფაქტორს ახდენს სხვა მონაწილე ელემენტებით. ჩვენი ფუნქციონირება არის თითქმის 100%-ით მიბმული საქართველოს რკინიგზაზე. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სიახლე მოვისმინეთ როგორც საქართველოს რკინიგზის გაუმჯობესებული გამტარუნარიანობის, ისე მომავალში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რაც აუცილებელია, რადგან დერეფნის მონაწილე სახელმწიფოები ძალიან სწრაფად აანონებენ განვითარებას“, – განაცხადა ნინო ნემსაძემ.
როგორც მან განმარტა, მთავარი კლიენტები არიან დიდი გადამზიდი კომპანიები, საზღვაო ხაზები და ლოგისტიკური კომპანიები, რომელთა უმეტესი ნაწილი საერთაშორისო კომპანიაა.